May 6, 2013

ტესტი: გვჭირდება დიეტა?

დიეტა იმდენად მოდურად იქცა, რომ ბოლო დროს ისინიც კი "დიეტობენ", ვისაც ამის საჭიროება ნამდვილად არ აქვთ. ტესტის მეშვეობით შეიტყობთ, გჭირდებათ თუ არა დიეტაზე ყოფნა.

1. თქვენი მშობლები ჭარბწონიანობით იტანჯებოდნენ?

ა. არა, ჩემი მშობლები დღემდე ფორმაში არიან.
ბ. ახალგაზრდობაში ისინი გამხდრები იყვნენ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად გასუქდნენ.
გ. დიახ, ჩემი მშობლები მსუქნები არიან.

2. დღეში რამდენჯერ მიირთმევთ საჭმელს?

ა. დღეში დაახლოებით 4-ჯერ ვჭამ, ცოტ-ცოტას და ხშირად.
ბ. საუზმობას ყოველთვის ვერ ვახერხებ, თუმცა სადილსა და სამხარს საფუძვლიანად გეახლებით.
გ. როგორც ვახერხებ, ისე ვიკვებები. არასდროს მაქვს დრო სრულფასოვანი საუზმის, სადილის ან სამხრისთვის.

3. გიყვართ ტკბილეული?

ა. ტკბილზე ჭკუას ნამდვილად არ ვკარგავ.
ბ. მიყვარს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ზომიერად უნდა მივირთვა
გ. ვგიჟდები. ერთი დღეც არ შემიძლია ტკბილეულის გარეშე.

4. საკმაოდ სტრესული დღის შემდეგ შინ დაბრუნებული იმაზე მეტს ჭამთ, ვიდრე ტრადიციულად?

ა. არა, პირიქით, განტვირთვის დღეს ვაწყობ ხოლმე საკვების მხრივ
ბ. მცირე რაოდენობით დელიკატესით ვინებივრებ თავს.
გ. სტრესის მოსახსნელად მხოლოდ გემრიელად, დიდი ულუფებით ჭამა მშველის.

5. ღამე თუ ამდგარხართ ოდესმე საჭმელად?

ა. არა.
ბ. რამდენჯერმე მქონია მსგავსი შემთხვევა.
გ. საჭმელად ღამე ხშირად ვდგები.

6. ქალაქში რითი გადაადგილდებით?

ა. როცა დრო მაქვს, სამსახურში ფეხით მივდივარ და სახლშიც, შეძლებისდაგვარად, ფეხით ვბრუნდები.
ბ. სეირნობისთვის დრო მხოლოდ დასვენების დღეებში მაქვს.
გ. ქალაქში ფეხით, პრაქტიკულად, არ დავდივარ.

7. დააკვირდით თქვენი ბავშვობის ფოტოებს. მათზე მსუქანი ხართ?

ა. არა. მგონი ზედმეტად გამხდარიც კი ვარ.
ბ. ძალიან პატარაობისას მსუქანი ვიყავი, შემდეგ კი ნორმალური წონა მქონდა.
გ. საკმაოდ მსუქანი ვიყავი მთელი ბავშვობა.


ტესტის შედეგები

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "ა" ვარიანტი

არანაირი დიეტა და აბები არ გჭირდებათ გასახდომად, რადგან არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ. ამისთვის მადლობა, პირველ რიგში, მშობლებს უნდა გადაუხადოთ, რადგან ეს ყველაფერი სწორედ გენეტიკის "ბრალია". რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში წვლილი თქვენც მიგიძღვით, რადგან მუდამ აკონტროლებთ კვების რეჟიმს და ფიზიკურადაც მუდამ აქტიური ხართ. ასე გააგრძელეთ!

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "ბ" ვარიანტი

მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში ხართ და ამ ეტაპზე ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ. დროდადრო შესაძლებელია, წონაში რამდენიმე კილოგრამით მოიმატოთ, მაგრამ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას სწრაფად ახერხებთ. თუ თქვენი ცხოვრების რეგულარულ წესად აქცევთ ინტენსიურ ვარჯიშსა და ფიტნესს, ზედმეტი კილოგრამები არასოდეს შეგაწუხებთ.

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "გ" ვარიანტი

სამწუხაროდ, მუდამ წონის პრობლემა გაწუხებთ. ჭარბწონიანობის პრობლემა თქვენთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია და მის მოგვარებას ათასნაირი ხერხით ცდილობთ. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ სიმსუქნისკენ ხართ მიდრეკილი. წონა გამუდმებით თუ არ აკონტროლეთ და დაკლებაზე არ იფიქრეთ, სიმსუქნე მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ.

ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment