Jul 28, 2013

სტილის გაკვეთილები ოდრი ჰეპბერნისგან



სტილის გაკვეთილები
    ოდრი ჰეპბერნისგან...
ოდრი ჰეპბერნმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო კინოში, არამედ მოდის სამყაროშიც. 4 მაისს ოდრი ჰეპბერნს 84 წელი შეუსრულდებოდა. მისი კარიერის ზენიტში მთელი მსოფლიოს ქალბატონები ცდილობდნენ მიებაძათ მსახიობის მაკიაჟისა და ჩაცმის სტილისთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი მოდელიერის იუბერ დე ჟივანშის დამსახურებაა.


მათი თანამშრომლობა დაიწყო ფილმიდან „საბრინა“ და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. რაც შეეხება ფილმს, მან „ოსკარი“ დაიმსახურა კოსტიუმებისთვის, თუმცა დიდების გვირგვინი იუბერს კი არა, მხატვარ ედიტ ჰედს ხვდა წილად. ოდრი ჟივანშის მუზა იყო. მსახიობის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჟივანშიმ მოდის სამყარო დატოვა - დიდმა კუტიურიემ თავისი მუზის გარეშე მუშაობა ვერ შეძლო.
ოდრის პოპულარობამ პიკს 1950-1960-იან წლებში მიაღწია, თუმცა ის სამუდამოდ ლეგენდად დარჩა, მასში ერთდროულად იყო ხორცშესხმული ნიჭი, სილამაზე, გრაციოზულობა და სტილი, რომლის გავლენა თანამედროვე დიზაინერებსაც აშკარად ეტყობათ, მისი გადაფასება შეუძლებელია. ოდრი ჰეპბერნმა მოახერხა საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნა, რომელიც არ ექვემდებარება მოდის ცვალებადობას. მთავარია, დაიცვათ ძირითადი წესი - უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ სტილს, შეარჩიეთ მხოლოდ ის, რაც უშუალოდ თქვენ გიხდებათ. ჩვენ კი, თუ ოდრი ჰეპბერნის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, შემოგთავაზებთ მისი სტილის საბაზო ელემენტებს:

                                                                                                  თეთრი პერანგი


თეთრი პერანგი სუპერპოპულარული გახდა ფილმ „რომაული არდადეგების“ შემდეგ. ის მაქსიმალურად სადა უნდა იყოს. თუ ლეგენდარულ მსახიობთან მსგავსების მიღწევა გსურთ, შეგიძლიათ ქამრითაც შეიკრათ.




                "ბალეტკები“

ჰეპბერნის სიმაღლე 170 სანტიმეტრი იყო - იმდროინდელი საშუალო სტატისტიკური ქალბატონის სიმაღლეზე ბევრად მეტი. ამიტომ ოდრის არ უყვარდა ქუსლიანი ფეხსაცმელები და უპირატესობას „ბალეტკებს“ ანიჭებდა.


პატარა შავი კაბა
მართალია, ის გაბრიელ შანელმა შექმნა, მაგრამ მის პოპულარიზებაში ლომის წილი მიუძღვის ოდრი ჰეპბერნს ფილმებით „საბრინა“ და „საუზმე ტიფანისთან“. ოღონდ გაითვალისწინეთ, პატარა შავი კაბა მდიდრულ და თვალში საცემ აქსესუარებს მოითხოვს.

                                                                           ყელსახვევი ან გრძელი შარფი

ამ ორ აქსესუარს მსახიობი ხშირად იყენებდა როგორც კინოში, ისე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ამ პატარა დეტალებით მას საოცრად ელეგანტური სახის შექმნა შეეძლო.










              „როლინგი“

„როლინგი“, შავი შარვალი-კაპრი და „ბალეტკები“ - ასე გამოწყობილი ოდრი ჰეპბერნი ხშირად ჩნდებოდა კინოსტუდიაში. ეს ჩაცმულობა საუკეთესოა ნებისმიერი ასაკის ქალბატონის ყოველდღიური ჩაცმულობისთვის.



ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment