Jul 18, 2013

რით ხიბლავდა კლეოპატრა მამაკაცებს?


                 
ეგვიპტის დედოფალი 
კაცობრიობის ისტორიაში არც ისე ბევრია ქალი, რომლის შესახებ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ყველას სმენია. მათ შორის არის ფიგურა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. რა თქმა უნდა, საუბარია კლეოპატრაზე - ყველაზე საბედისწერო ქალზე ცივილიზაციის ისტორიაში.

აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, კაცობრიობის ისტორიაში რეალურად არსებული ქალბატონებიდან თითქმის ყველაზე ცნობილის ხატება ასოცირდება შეუდარებელი ელიზაბეტ ტეილორის გარეგნობასთან, რომელმაც კლეოპატრას როლი ითამაშა ამავე სახელწოდების ფილმში.
მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ეგვიპტის დედოფალი ასე მიმზიდველად როდი გამოიყურებოდა. კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა თითქმის ერთი წელი მოანდომეს ამ ცნობილი ბანოვანის რეალური გამოსახულების აღდგენას. კომპიუტერული მოდელის საფუძვლად გამოიყენეს იმ დროის მონეტებზე აღბეჭდილი პორტრეტები და გამოსახულება ბეჭედზე, რომლის ასაკმა დაახლოებით ორი ათასი წელი შეადგინა. მიღებულმა შედეგმა მეცნიერები გააოგნა. აღმოჩნდა, რომ ეგვიპტის დედოფლის იგავმიუწვდომელი სილამაზე მხოლოდ მითია. სამგანზომილებიანი მოდელი გამოსახავს ტანმორჩილ ქალს დაბალი შუბლით, მოკაუჭებული ცხვირით, გამოშვერილი ნიკაპითა და მრუდე ფეხებით. მაშ, რით შეეძლო მოეხიბლა თავისი განსწავლულობის გარდა, იულიუს კეისარი და მისი თანამებრძოლი მარკუს ანტონიუსი? ანდა, გადმოცემის თანახმად, რატომ თანხმდებოდნენ მამაკაცები სიკვდილზე ამ ქალის განსასვენებელში გატარებული თუნდაც ერთი ღამის სანაცვლოდ? ცნობილი ფაქტია, რომ კლეოპატრას ჰქონდა ბრწყინვალე გონება, იყო განათლებული და მშობლიური ბერძნული ენის გარდა იცოდა ლათინური, არამეული, ებრაული და ეგვიპტური ენები.
მაგრამ საეჭვოა, მხოლოდ შესანიშნავი განათლების გამო ჰყოლოდა ურიცხვი თაყვანისმცემელი. 
  როგორც ჩანს, ეს საიდუმლო ყველაზე უკეთ პლუტარქემ ამოხსნა: „ამ ქალს არ გააჩნდა ის სილამაზე, რასაც შეუდარებელი ჰქვია და პირველივე ნახვით გიპყრობს, სამაგიეროდ, ადამიანებისადმი მისი დამოკიდებულება გახლდათ უზადო და ამიტომ გარეგნობა, შეხამებული დამაჯერებელ საუბართან, უნაკლო მომხიბვლელობასთან, რაც თითოეული სიტყვიდან, ყოველი მოძრაობიდან გამოსჭვიოდა, ღრმად იჭრებოდა სულში. თვით მისი ხმის ბგერები ეალერსებოდა და ახარებდა სმენას, ხოლო ენა ნამდვილი მრავალსიმიანი საკრავი იყო, რომელიც ადვილად იმართებოდა ნებისმიერ ჰანგზე, ნებისმიერ კილოზე...“
ამიტომ დაიმახსოვრეთ! სილამაზე ქალის ერთ-ერთი სამკაულია... ერთ-ერთი და არა ერთადერთი!
ავტორი: სესილი ბერიძე                                                                                                            

No comments:

Post a Comment