Jul 30, 2013

არომატული კოდი:"დაისხით სუნამო იქ, სადაც კოცნას ელით"

სუნამოს ჩვენ, ქალები, მთელი გულით ვირჩევთ, თუმცა ცოტაოდენი ცოდნა პარფიუმერიის დარგში ნამდვილად არ გვაწყენდა!

როგორ დავისხათ სუნამო?

როგორც კოკო შანელი ამბობდა, "დაისხით სუნამო იქ, სადაც კოცნას ელით"... ჩვეულებრივ, სუნამო უნდა მიიპკუროთ პულსაციის ზონებში, სადაც არომატი "მოძრავი" ხდება: დღის განმავლობაში შესაძლებელია სუნამოს ყველა ნოტის შეგრძნება. ეს არის კისრის, დეკოლტეს, ყურის უკანა ზონები.

ასევე გასათვალისწინებელია პარფიუმის კონცენტრაცია. ტუალეტის წყალი, სასურველია, ტანსაცმელზე მიიპკუროთ, რადგან ის მცირე რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს და კანის ბუნებრივ სუნთან შერევის შემდეგ თავისებურებას იცვლის. თუ ალერგიისკენ ხართ მიდრეკილი, რეკომენდებულია ნებისმიერი სუნამოს ტანსაცმელზე შესხმა.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ აბრეშუმის კაბებსა და ბლუზებზე, განსაკუთრებით, თუ ქსოვილი ღია ფერისაა, სუნამოს დასხმის შედეგად შეიძლება ლაქები გაჩნდეს, რომელთა ამოყვანა ქსოვილიდან არცთუ ისე ადვილია. ამ შემთხვევაში უმჯობესია, სუნამო თმის ბოლოებზე მსუბუქად მიიფრქვიოთ.

ღამის ცდუნება...

საღამოს პარფიუმი დღის პარფიუმისგან თამამი და მკვეთრი არომატით განსხვავდება. ის შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ მისმა მფლობელმა ყურადღება მიიქციოს.

რა არის სელექტიური პარფიუმი?

განასხვავებენ სელექტიური პარფიუმის სამ სახეობას: პარფიუმი, რომელიც მდიდრულ ფლაკონებში და ძალიან მცირე რაოდენობით გამოდის და მისი ფასი რამდენიმე ათას დოლარს აღწევს. სელექტიური პარფიუმერიის მეორე სახეობა - ვინტაჟური სუნამოებია. ისინი იმითაა გამორჩეული, რომ მათ საფუძვლად უდევს ასწლოვანი პარფიუმერიული რეცეპტები, შუა საუკუნეებიდანაც კი.

მესამე სახეობა - ძალიან სპეციფიკური სუნამოებია, რომელთაც კოლექციონერები უწოდებენ "არომატებს პარფიუმერული გურმანებისთვის". რაც ყველაზე მთავარია, სელექტიური პარფიუმერია მხოლოდ ნატურალური და იშვიათი ინგრედიენტებისგან მზადდება.

რას ნიშნავს არომატის პირამიდა?

ნებისმიერი სუნამო თავისი არსით რთული ქიმიური ფორმულაა, რომელიც შედგება სპირტში გახსნილი სურნელოვანი კომპონენტების ნაზავისგან. ამ კომპონენტების განლაგება შეიძლება პირამიდასაც შევადაროთ. "პირამიდის" მწვერვალზე "მფრინავი" ეთერზეთებია, რომლებიც სუნამოს დასხმიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში შეგვიძლია შევიგრძნოთ. შემდეგ ისინი "ადგილს უთმობენ" ძირითად ნოტებს. მათ "გულის ნოტებსაც" უწოდებენ, რადგან ისინი გადმოსცემენ სურნელის არსს - სულს, რომელიც მათ პარფიუმერმა შთაბერა. ყველაზე დიდხანს ჩვენ შევიგრძნობთ "შლეიფის" ნოტებს, რომლებიც მდებარეობენ პირამიდის შუაგულში და სწორედ ეს ნოტები გვანიჭებენ ხანგრძლივ სიამოვნებასა და სურნელს. ამიტომ ნურასდროს გამოიტანთ დასკვნას სუნამოს შესახებ მისი ბლოტერზე დასხმის შემდეგ (ბლოტერი არის სქელი ქაღალდის ტესტერი, რომელიც პარფიუმერულ მაღაზიებში გვხვდება). დაივიწყეთ ბლოტერი რამდენიმე საათით და შეიძლება, სუნამოსთან "მეორე" შეხვედრა თქვენთვის მეტად საინტერესო და სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს.

ვარდისფერი ოცნება...
კარგია, თუ თქვენს საყვარელ სუნამოს გამარტივებული ვერსიაც ექნება. ის იდეალური იქნება გაზაფხულზე, როდესაც რაღაც უფრო მსუბუქი და გრილი სურნელი გსურთ, ვიდრე ზამთარში. მაგალითად, Burberry-ს კოლექციაში გამოჩნდა ტუალეტის წყალი Body Tender - Body-ს შემსუბუქებული ვარიანტი, რომელშიც იგრძნობა ვარდის, სურნელოვანი ჟასმინისა და მუსკუსის მომაჯადოებელი ნოტები.


დაბოლოს, შეარჩიეთ სუნამო მხოლოდ საკუთარი გულისა და გემოვნების კარნახით! აქცენტს ნუ გააკეთებთ მოდურ და ახალ სუნამოებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის "პრესტიჟული" და ძვირფასია. იყავით არჩევანში თავისუფალი.

რომელია თქვენი საყვარელი სუნამო? დააკომენტარეთ ან გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ფეისბუქის გვერდზე
ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment