Aug 30, 2013

დავამზადოთ ლოსიონი

სუფთა და ნაზი კანი, სახის სასიამოვნო ფერი, ქალის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ვენერას ფიგურა და პიერ კარდენის შეკერილი კაბაც კი ვერ გაალამაზებს დამჭკნარ, ნაოჭიან და მოუვლელ სახის კანს. მისი მოვლა კოსმეტიკური ხელოვნების უპირველესი ამოცანაა. მოუვლელობით გაფუჭებული სახისკანის მოწესრიგება არც თუ ისე ადვილი საქმეა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ კანს აქვს თვითაღდგენის საოცარი უნარიც.

მაშ ასე, ცოტაოდენი ყურადღება საკუთრ გარეგნობას, დღეში სულ რაღაც 15-20 წუთი და თქვენ შესძლებთ შეინარჩუნოთ ელასტიური და ნაზი სახის კანი 17-დან 80 წლამდე.



13-20 წლამდე.
ამ ასაკის გოგონებისთვის დაუშვებელია ჰორმონალური კრემების ხმარება. კანის სისტემატური მოვლა უნდა დაიწყოთ თოთხმეტი წლის ასაკიდან. სწორედ გარდამავალ ასაკში, ჰორმონალური ცვლილებების გამო ხშირად კანზე ჩნდება სხვადასხვა სახის დეფექტები. ჩნდება მუწუკები და ფერისმჭამელები, რაც შემდგომში იწვევს ფორების გაღრმავებას და სისხლძარღვების გაფართოებას. უნდა გავითვალისწინოთ ის ფსიქოლოგიური დისკომფორტიც, რომელსაც ამ დროს მოზარდი განიცდის, თავისი არასასიამოვნო გარემოების გამო.

ამ ასაკში უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სისუფთავის დაცვა. აუცილებელია ყოველ საღამოს შხაპის მიღება. შხაპის დროს ნუ დაინანებთ საპონს, ხოლო დაბანვის შემდეგ შეიზილეთ მკვებავი კრემი. შხაპი დაამთავრეთ ხან თბილი და ხან ცივი წყლის გადავლებით. აბაზანის მიღება საკმარისია კვირაში ორჯერ. ამ დროს სასურველია წყლის დამარბილებელი საშუალებების ხმარება. თუ ნაზი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, სახე გაიწმინდეთ მაკიაჟის მოსაცილებელი კრემით.

სახის დასაბანად უნდა იქონიოთ სპეციალური ღრუბელი, რომელიც ყოველი ხმარების შემდეგ კარგად უნდა გაირეცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურეცხავი ღრუბელიც შეიძლება ინფექციის წყაროდ იქცეს. საჭიროა ინდივიდუალური პირსახოცის ხმარება. იგი ხშირად უნდა გამოცვალოთ. ცხიმიანი კანი დაბანვის შემდეგ ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ.





ლოსიონი შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ.




ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment