Apr 29, 2013

კბილების მოვლა

როგორ მოვუაროთ კბილებს?

კბილების სწორად გახეხვა ბავშვობიდან თითქმის ყველამ ვიცით, თუმცა სტომატოლოგების აზრით, ზედმეტი არ იქნება, ჩვენს ჩვევებს გადავხედოთ.

როდის გავიწმინდოთ კბილები?

საუზმემდე კბილების გახეხვა მიზანშეუწონელია, ვინაიდან ჭამის შემდეგ კბილის მინანქრის დამშლელი საკვების ნადები მათზე ისევ ჩნდება. ამიტომ სტომატოლოგები გვირჩევენ, სანამ ვისაუზმებთ, უბრალოდ, პირში წყალი გამოვივლოთ, ხოლო საუზმის შემდეგ კბილები საფუძვლიანად გავიხეხოთ. ძილის წინ მათი გასუფთავება ასევე აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ღამის განმავლობაში პირის ღრუში მავნე მიკრობებს "ნადიმი" ექნებათ.

როგორ გავიწმინდოთ


სტომატოლოგთა აზრით, კბილების ქვევიდან ზევით და მარცხნიდან მარჯვნივ გახეხვა მთლად სწორი არ არის. ამგვარი მოქმედებით შეიძლება მინანქარი დაზიანდეს და კბილის ნადები ღრძილების ქვეშ შეგროვდეს. კბილების გაწმენდა ზედა ყბიდან უნდა დაიწყოთ ისე, თითქოს ღრძილებიდან საჭმლის ნარჩენებს კბილის ნაპირისკენ გვით. პირველად მარცხენა ძირითადი კბილების გარე ზედაპირის გასუფთავება ხდება, შემდეგ - მარჯვენა ყბის, ბოლოს - ცენტრალური ნაწილის. ზუსტად ასე უნდა მოხდეს კბილების შიგნიდან გასუფთავება. შემდეგ წრიული მოძრაობით მათი ზედაპირი იხეხება. მხოლოდ ამის მერე შეგიძლიათ ქვედა ყბაზე გადახვიდეთ. ნუ იჩქარებთ. კბილების გასუფთავების პროცესი, საშუალოდ, 3 წუთი უნდა გრძელდებოდეს (ათი მოძრაობა თითოეული კბილის ზედაპირზე).


რით გავიწმინდოთ

კბილის ჯაგრისის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ისეთს, რომლის თავი ტართან მტკიცედაა შეერთებული. ასეთი ჯაგრისები საჭირო დაწოლას უზრუნველყოფს და შედეგად კბილებს გულდასმით წმენდს. ყურადღებით დაათვალიერეთ ჯაგრისი. იდეალურია, თუ ბეწვებს სხვადასხვა მიმართულება ექნებათ. გარდა ამისა, ბეწვების ერთი ნაწილი ხასხასა ფერით უნდა იყოს შეღებილი. ეს ინდიკატორის როლს შეასრულებს და მიგვითითებს, ჯაგრისი როდის უნდა გამოვცვალოთ. როცა ბეწვების ერთი მესამედი ან ნახევარი შეფერილობას შეიცვლის, ჯაგრისი მაშინვე გადააგდეთ. არასოდეს შეიძინოთ ბუნებრივი ჯაგრის ჯაგრისი. ხელოვნურისაგან განსხვავებით, მათ ბეწვებში ღრუ მილი აქვთ, სადაც ავადმყოფობის წარმომქმნელი მიკრობები თავს იყრის. მწეველებმა მაგარი ჯაგრისი უნდა იხმარონ, ხოლო სუსტი, მგრძნობიარე მინანქრისა და დაავადებული ღრძილების მქონეებმა - რბილი. სტომატოლოგები გვირჩევენ, ორი კბილის ჯაგრისი გქონდეთ: ერთი - დილით გაწმენდისათვის, მეორე - საღამოსათვის.

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა?

კბილის პასტის შეძენისას ყურადღებით გაეცანით მის შემადგენლობას. თუ კოლოფზე მითითებულია, რომ ის შეიცავს ტრიკლოზანს, მცენარეულ კომპონენტებს (კუნელს, პიტნას და სხვა) თქვენ წინაშე ღირსეული ეგზემპლარია. საკუთარ შეგრძნებებსაც მოუსმინეთ. თუ კბილების გაწმენდის შემდეგ სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ, პასტა სწორად შეგირჩევიათ

ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment